logo
ENG



"პოზიციები დაახლოებულია" - მაჟორიტარი ბორჯომის ქარხნის ადმინისტრაციას და გაფიცულებს შეხვდა

19 მაი 202117:35
3 წუთის საკითხავი
 

ბორჯომის ქარხნის ადმინისტრაციას და გაფიცულ თანამშრომლებს ბორჯომისა და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი შეხვდა.

კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მაჟორიტარმა განაცხადა, რომ საწარმო მზადაა, თანამშრომლებთან თითოეული საკითხი განიხილოს.

როგორც მან აღნიშნა, პოზიციები დაახლოებულია და გაფიცულების მოთხოვნები თითქმის დაკმაყოფილებულია.

"შეხვედრა იყო საკმაოდ კონსტრუქციული. საწარმო მზადაა თითოეული საკითხის განხილვისთვის. ის მოთხოვნები, რაც თანამშრომლებს აქვთ, ფაქტიურად, განხილული აქვთ და დაახლოებულია პოზიციები. თითოეული თანამშრომელი არის ამ საწარმოს კაპიტალი და თითოეულ თანამშრომელს უფრთხილდება. მათი დიდი სურვილია, რომ ეს ყველაფერი გადავიდეს მოლაპარაკების ფარგლებში და ის მოთხოვნა, რაც ანაზღაურებასთან იყო დაკავშირებული და ციფრებში იყო გამოხატული, მათივე გათვლებით დაახლოებულია, თითქმის დაკმაყოფილებულია", - განაცხადა ობოლაშვილმა.

ამასთან, დღეს კომპანიამ "IDS ბორჯომი საქართველო" განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ  "პროფკავშირების წევრი აქტივისტების მიერ ორგანიზებული პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, კომპანია ორივე ქარხნის მუშაობას აჩერებს. 

"როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ვაჩერებთ ორივე ქარხნის მუშაობას, რათა თავიდან ავიცილოთ პროფკავშირების წევრი აქტივისტების მიერ ორგანიზებული პროვოკაციები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ სრულ მზადყოფნაშია, ნებისმიერ დროს განაახლოს მის საკუთრებაში მყოფი ქარხნების მუშაობა. ბოლო დღეების განმავლობაში თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აგრძელებდა მუშაობას და კვლავ აქვთ ამის სურვილი.

თუმცა სატვირთო ავტომანქანების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების უკანონო ბლოკირება, რომელსაც ახორციელებს გაფიცულების ნაწილი, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს თანამშრომლებს, სატრანსპორტო კომპანიების მფლობელებს და თავად გაფიცულებს. სწორედ ამიტომ, ქარხნების მუშაობა განახლდება მსგავსი ტიპის უკანონო ქმედებების შეწყვეტისთანავე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები მეორე დღეა გაფიცულები არიან. 

ისინი შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის მომატებას ითხოვენ.


close დახურვა